ორგანიზაციის ღირებულებები

  1. 1. სოციალური პასუხისმგებლობა

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ არ ირჩევს ე.წ. „ღირებულებებისგან დაცლილ“ (Value-free) მიდგომას სოციალური მეცნიერებებისა და კვლევისადმი. ISSA, თავისი საქმიანობისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ეყდნობა სოციალური სოლიდარობის, თანასწორობის, ინკლუზიისა და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს. შესაბამისად, ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ საზოგადოებაში არსებულ სოციალურ პრობლემებს: სიღარიბეს, სოციალურ, ეკონომიკურ, გენდერულ უთანასწორობას, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ინსტიტუციურ და სისტემურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველდღიურად იჩენს თავს. პირველ ყოვლისა, აღიარებს ამ პრობლემებს, როგორც საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს და, მეორე მხრივ, თავისი საქმიანობით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს მათ დაძლევაში.

  1. 2.სოციალური კვლევების მნიშვნელობის გაზრდა

სოციალური კვლევა საქართველოში შედარებით ახალi სფეროა და რეალურ მნიშვნელობას პოსტსაბჭოთა პერიოდში იძენს. შსაბამისად, საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება არასოდეს ყოფილა მყარი და იცვლებოდა სოციო-კულტურული თუ პოლიტიკური კონტექსტების მიხედვით. დღესდღეობით, სოციალურ კვლევებს აქვს დიდი პოტენციალი სოციალურ პროცესებზე პოზიტიური გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ISSA-ს საქმიანობა სწორედ ამ პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც, მეორე მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოებაში კვლევის დადებით და სტაბილურ აღქმას.

სოციალური კვლევის პოზიტიური გავლენის გასაზრდელად საჭიროა შემდეგი აქტივობების გაძლიერება:

1. ნებისმიერი პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც სოციალურ ცხოვრებასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია, უნდა იყოს კვლევაზე დაფუძნებული: სოციალური კვლევის პოტენციალი არ არის საკმარისად ათვისებული მათი მხრიდან, ვინც შეიმუშავებს და აწარმოებს პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით. სოციალურ კვლევას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამა თუ იმ სფეროში პოლიტიკის რაციონალურ დაგეგმვაში, შესაბამისი სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით და პრაქტიკაში ამ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაში.


2. სოციალური საკითხების აღქმა უნდა ხდებოდეს სოციალური კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე; საქართველოს სინამდვილეში არსებობს ბევრი ისეთი საკითხი, რომელთა შესწავლაც არ ხდება საფუძვლიანად, ანუ ყველა ინტერესთა ჯგუფის პერპექტივიდან. შედეგად, ხშირად რაიმე მოვლენა აღიქმება გადაწყვეტილების მიმღები პირების ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ან, ზოგადად, არასრულყოფილი და არაობიექტური სურათის გათვალისწინებით. ასეთი პრაქტიკა საჯარო დისკურსისთვის უცხო არ არის, რის გამოც ადვილად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და, რაც მთავარია, არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სოციალური კვლევების მნიშვნელობის გაზრდით დამკვიდრდება სტანდარტი, რომ საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მიეწოდოს ემპირიაზე დამყარებული ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც საჯარო დისკურსში ნაკლებ ადგილს დატოვებს სპეკულაციებისთვის.

3. სოციალური კვლევის შესახებ ცოდნის წარმოება

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, საკუთარი პროფილიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური კვლევების შესახებ ახალი (ინოვაციური) ცოდნის გავრცელებასა და კვლავწარმოებას. მკაცრად რეკომენდირებულია, რომ თეორიული და პრაქტიკული საქმიანობები ერთმანეთისგან არ იყოს გამიჯნული და მკვლევარი მიისწრაფვოდეს ორივე მიმართულებით აქტიური ჩართვისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური კვლევის ე.წ. „ცნობადობის“ ამაღლება, არამედ დაინტერესებული პირებისათვის შესაფერისი ცოდნის მიღების/გაღრმავების შესაძლებლობის უზრუნველყოფაც.