რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევა


„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აქტიურად მუშაობს როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევების მიმართულებით.

რაოდენობრივი კვლევაში კვლევითი ორგანიზაცია იყენებს შემდეგ მეთოდებს:

  • პირისპირ გამოკითხვა;
  • ანკეტირება;
  • კონტენტ–ანალიზი;
  • სატელოფონო გამოკითხვა;


ორგანიზაციის მრავალწლიანი მუშაობის ერთ-ერთი შედეგია ინტერვიუერთა ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. 120–მდე ინტერვიუერისგან შემდგარი ქსელი, მისი წევრების გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული შერჩევის ფართომასშტაბიანი საველე სამუშაოები განხორციელდეს წარმატებულად და ხარისხიანად. ინტერვიუერების ქსელის მენეჯმენტს, პროექტის კოორდინატორების გარდა, უშუალოდ ადგილზე ახორციელებს რეგიონული სუპერვაიზორების 11-კაციანი ჯგუფი.
სუპერვაიზორები კურირებენ ქვეყნის ერთსა და იმავე რეგიონს, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად იცოდნენ საკუთარი რეგიონების სპეციფიკა საველე სამუშაოებთან მიმართებით.

ინტერვიუერთა და სუპერვაიზორთა ქსელი ინსტიტუტს აძლევს ნებისმიერი მასშტაბის და ტიპის (დემოგრაფიული, გეოგრაფიული თუ სხვა რელევანტური პარამეტრით გამოკვეთილი) შერჩევითი ერთობლიობის შესწავლის საშუალებას.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ინტერვიუერები გამოირჩევიან:

  • კომუნიკაციის კარგი უნარით, რაც კითხვებზე რესპონდენტთა გამოპასუხების მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებში აისახება;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში რელევანტური კვალიფიკაციითა და მაღალი ინტელექტუალური უნარებით, რაც ინტერვიუერებს საშუალებას აძლევს კვლევის მოსამზადებელ პერიოდში გაანალიზონ და გააცნობიერონ სხვადასხვა სირთულის და სფეროს თემატიკა, აითვისონ გამოკითხვის ინსტრუქციები და მისდიონ კითხვარის დინამიკას;
  • პროფესიონალური მიდგომით, რაც გამოიხატება პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვასა და მონაცემთა სანდოობის მაღალ ხარისხში.

ISSA რაოდენობრივი კვლევისთვის მონაცემთა შეგროვებას ძირითადად ახორციელებს პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. პლანშეტები აღჭურვილია მონაცემთა შეგროვების სპეციალური აპლიკაციით - ODK Collector-ით, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მონაცემთა „ცოცხალ“ რეჟიმში მიღების საშუალებას.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც კვლევების სრული ციკლის შესრულებას, რაც ითვალისწინებს კვლევის ყველა ძირითადი ეტაპის (კვლევის პროგრამის დიზაინი, შერჩევის მოდელის აგება, კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, საველე სამუშაოები, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი), ისე ცალკეული ოპერაციების შესრულებას.

რაოდენობრივ კვლევებში ორგანიზაციის სტატისტიკოსები და ანალიტიკოსები იყენებენ მონაცემთა ანალიზის მრავალფეროვან მიდგომებს კვლევითი პროექტების მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. რაოდენობრივი მონაცემები გაანალიზდება უნი-, ბი- და მულტივარიაციული მეთოდების გამოყენებით, ცვლადების ტიპების შესაბამისად. ანალიზი გულისხმობს ემპირიული მონცემების საფუძველზე საკვლევი თემის სრულყოფილ და სიღრმისეულ შესწავლას და ამისათვის გამოიყენება სტატისტიკური ანალიზის ისეთი კომპლექსური მეთოდები, როგორებიცაა კორელაცია, რეგრესია, ფაქტორული ანალიზი და სხვ.