Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Caucasus Environmental NGO Network (CENN)
Home
Foreign Entity
Caucasus Environmental NGO Network (CENN)
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევა და კონტექსტის ანალიზი, 2022

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევა და კონტექსტის ანალიზი, 2022

12 Jun 2022

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის მხრივ არსებული მდგომარეობის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის გაანალიზება. კვლევის ფარგლებში შეფასდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ინდივიდების წვდომა სხვადასხვა სოციალურ, ჯანდაცვის, კომუნალურ სერვისებზე და, აგრეთვე, მათი ჩართულობა, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობების, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაში.

კვლევა მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.

კვლევის სამიზნე რეგიონებს წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი. კვლევამ მოიცვა სამცხე-ჯავახეთის 2 მუნიციპალიტეტი (ახალციხე და ნინოწმინდა) და ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტი (მარნეული, დმანისი, ბოლნისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი).

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პირისპირი გამოკითხვის მეთოდით. მასში მონაწილეობა მიიღეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 18 წლის ან მეტი ასაკის ინდივიდებმა.

გამოყენებულ იქნა ალბათური შერჩევის მოდელი, კერძოდ, კლასტერული შერჩევა პირველადი სტრატიფიკაციის მეთოდით. კვლევაში სტატას წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტები. იმისათვის, რომ ორივე რეგიონში ცდომილება 5%-ზე ნაკლები ყოფილიყო (95%-იანი სანდოობის დონე), სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში თანაბარი 600-600 ინტერვიუ ჩატარდა. ცალკეულ მუნიციპალიტეტში (სტრატებში) გამოსაკითხ პირთა რაოდენობა კი, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ოდენობის პროპორციულად განისაზღვრა. სულ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში 8 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა ქვემო ქართლის ყველა (მარნეული, გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისი და დმანისი) და სამცხე-ჯავახეთის ორ (ახალციხე, ნინოწმინდა) მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. რესპონდენტებმა დისტანციურად, „ზუმის“ პლათფორმის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა ფოკუს ჯგუფებში. რესპონდენტები წინასწარ შედგენილი რეკრუტირების კითხვარის მეშვეობით შეირჩნენ.  4 ფოკუს ჯგუფი ეთნიკურად ქართველებთან (თეთრიწყარო, დმანისი, ბოლნისი, ახალციხე), ხოლო 4 - ეთნიკურ უმცირესობებთან - აზერბაიჯანელებთან და სომხებთან (გარდაბანი, მარნეული, წალკა, ნინოწმინდა) ჩატარდა. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს შორის იყვნენ ისინი, ვინც ისარგებლა და ისინი, ვისაც არ უსარგებლია მუნიციპალური ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით/პროგრამებით. ასევე, რესპონდენტებს შორის იყვნენ სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრები, როგორებიცაა სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, საპენსიო ასაკის პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მარტოხელა დედები და სხვები. თითოეულ ფოკუს ჯგუფში საშუალოდ 8 რესპონდენტი მონაწილეობდა და საერთო ჯამში 64 ადგილობრივი მოსახლე გამოიკითხა. თითოეულ მუნიციპალიტეტში 1 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა.