Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - The Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG)
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
The Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG)
სოციალური საწარმოების გავლენის კვლევა საქართველოში, 2021-22

სოციალური საწარმოების გავლენის კვლევა საქართველოში, 2021-22

12 Jun 2022

კვლევის „სოციალური საწარმოების გავლენის კვლევა საქართველოში“  მიზანს საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების შედეგებისა და გავლენების შესწავლა წარმოადგენდა, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესწავლა განხორციელდა ისეთი სპეციფიკების გათვალისწინებით, როგორებიცაა: სოციალური საწარმოს ზოგადი მახასიათებლები, სოციალური საწარმოს ფინანსური/ეკონომიკური/დასაქმების მაჩვენებლები და ა.შ.

კვლევის მიზნის მისაღწევად და ჩამოთვლილი მახასიათებლების შესაფასებლად, დაისახა შემდეგი ამოცანები:

•              საწარმოების სოციალური მიზნის, მდებარეობის, საქმიანობის სფეროს (სექტორი), იურიდიული ფორმის და საქმიანობის ხანგრძლივობის გამოვლენა;

•              სოციალური საწარმოს ფინანსური ბრუნვის, სოციალური მიზნისთვის მოზიდული თანხების, შემოსავლების სპექტრის შესწავლა.

•              გადასახადების ფორმირების პროცესში სოციალური საწარმოების როლის შესწავლა და მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) სოციალური საწარმოების მიერ შეტანილი წვლილის შეფასება.

•              სოციალური საწარმოების საქმიანობის შედეგად სახელმწიფოს მიერ დაზოგილი რესურსების გამოვლენა.

•              სოციალური საწარმოების დასაქმების მაჩვენებლების შესწავლა. კერძოდ, საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის, მათი ანაზღაურების, დასაქმებულთა შორის მოწყვლადი და სამიზნე ჯგუფების პროცენტული რაოდენობის და მოხალისეთა მობილიზების პრაქტიკების რაოდენობრივი სტატისტიკის შესწავლა/შეფასება.

კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები.

კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა სამაგიდე კვლევა (Desk Review), რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა სოციალური საწარმოების გავლენის საერთაშორისო პრაქტიკა და რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე აღიწერა/შეფასდა სოციალური საწარმოების გავლენის კონკრეტული მაჩვენებლები და მაგალითები. კვლევის ეფექტიანად წარმოებისთვის, გარდა სამაგიდე კვლევისა, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში მოქმედი სოციალური საწარმოების/სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფები. თვისებრივი კვლევის ხსენებული კომპონენტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ: ა) სოციალურ საწარმოებში/სოციალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები/ბენეფიციარები და ბ) სოციალური სერვისების მომხმარებლები. კვლევის ფარგლებში ჯამში ჩატარდა 10 ფოკუს ჯგუფი.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები. სოციალური საწარმოების გავლენის, მათი განვითარების, ოპტიმიზაციისა და სამომავლო ინტერვენციების შესწავლის მიზნით სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა სოციალური საწარმოების/სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების მმართველი გუნდის იმ წევრებთან, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღებები არიან და ფლობენ ყველაზე მეტ ინფორმაციას თავად საწარმოს მისიის, ფუნქციის, როლის, გავლენების და ა.შ. შესახებ. ხსენებულ სამიზნე ჯგუფთან ჩატარდება 17 სიღრმისეული ინტერვიუ.

გარდა ზემოთქმულისა, სიღრმისეული ინტერვიუების რესპონდენტებად განისაზღვრნენ იმ არასამთავრობო თუ სამთავრობო უწყებების და დამფინანსებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კურირებენ სოციალური მეწარმეობის საკითხებს საქართველოში და, ასევე, ახორციელებენ მათი საქმიანობის მხარდაჭერასა და მონიტორინგს. ამ ჯგუფთან 8 სიღრმისეული ექსპერტული ინტერვიუ ჩატარდა.

რაოდენობრივი კვლევა

სოციალური საწარმოების გავლენის შესწავლის მიზნით, რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში საქართველოში არსებული ის სოციალურის საწარმოები გამოიკითხა, რომლებიც კლასიფიცირდებიან სამი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით:

  • საწარმოები, რომლებიც „თვითაღიარებით“ არიან სოციალური საწარმოები და პოზიციონირებენ, როგორც სოციალური საწარმოები
  • სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები
  • სოციალური მიზნების მქონე ბიზნესები

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოსაკითხი სოციალური საწარმოების რაოდენობად განისაზღვრა 143 საწარმო, რამაც უზრუნველყო სტატისტიკურად რეპრეზენტატული გამოკითხვა შერჩევის  5.4%-იანი ცდომილებით. გამოსაკითხი საწარმოების შერჩევა განხორციელდა მათი რაოდენობის პროპორციულად. ამდენად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 69 სოციალური საწარმო და 74 სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია/სოციალური მიზნის მქონე ბიზნესი.