(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის მეთოდოლოგია
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპი ინტერვიუს მეთოდი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (18+ ასაკის). კერძოდ, გამოიკითხა ქალაქ თბილისისა და ქუთაისის და ასევე, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.
შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა: 3000 ინტერვიუ. ეს ზომა კვლევის შედეგებს ათავსებს ცდომილების დასაშვებ ზღვარში თითოეული სამიზნე ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულისთვის.
შერჩევის ჩარჩო: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა სრული მონაცემები.ეს მონაცემები მოგვაწოდა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
კვლევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციის გამოყენებით
მთლიანი შერჩევის ზომა (3000 ინტერვიუ) გადანაწილდა სამიზნე ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებს შორის (ქალაქები და მუნიციპალიტეტები) ისე რომ მონაცემების სტატისტიკური სანდოობა მეტ-ნაკლებად თანაბარი ყოფილიყო თითოეული სამიზნე ერთეულისთვის. თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი დაიყო სტრატებად დასახლების ზომის მიხედვით.
ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულების შერჩევის ზომა გადანაწილდა სტრატებს შორის 18 და უფრო მეტი ასაკის მოსახლეობის პროპორციულად.