ორგანიზაციის ისტორია6

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ლათინური აბრევიატურა: ISSA) დაფუძნდა 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრების მიერ, როგორც არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია. ინსტიტუტმა, მაღალი  პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მეშვეობით, კვლევით სფეროში მალევე დაიმკვიდრა თავი და მიიჩნევა სანდო პარტნიორად როგორც აკადემიურ საზოგადოებაში, ისე საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორებში.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ ახორციელებს სოციალურ და მარკეტინგულ კვლევებს, მოწინავე სოციოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ის, რაც ინსტიტუტს გამოარჩევს, არის, ერთი მხრივ, თავის საქმიანობაში მეტწილად საქართველოს საზოგადოების და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებულობა, ხოლო, მეორე მხრივ, მეცნიერულ და აკადემიურ ინსტიტუტებთან და სფეროებთან მჭიდრო კავშირი: ორგანიზაციამ დასაწყისიდანვე თავისი საქმიანობის ფოკუსად აქცია საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემატიკის შესწავლა და ანალიზი; ინსტიტუტს არაერთხელ განუხორციელებია პროექტები, სადაც კვლევის საგანი იყო სოციალური, ეკონომიკური თუ გენდერული უთანასწორობა, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების სოციალიზაციის პრობლემები, სხვადასხვა ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშიებული საკითხები და ა.შ. ამასთან, ორგანიზაცია მუდმივ კავშირშია აკადემიურ სფეროსთან - საგანმანათლებლო პროექტებისა თუ სხვადასხვა სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მას წვლილი შეაქვს სოციალური კვლევების სფეროში ცოდნის დაგროვებასა და წარმოებაში. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი ინსტიტუტის თანამშრომლები, რაც მათ საშუალებას აძლევთ უწყვეტად განაახლონ საკუთარი პროფესიული ცოდნა და გაეცნონ ახლებურ მიდგომებსა და მეთოდებს სოციალურ მეცნიერებებსა და სტატისტიკაში.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში“ ჩამოყალიბდა პროფესიონალიზმზე, სიღრმისეულ ანალიზსა და მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ორგანიზაციას წლების განმავლობაში უნარჩუნებს მაღალ ავტორიტეტს სოციალური კვლევებისა და საგანმანათლებლო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო წრეებში.