Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა, 2017

თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევა, 2017

6 ოქტ 2017

რაოდენობრივი კვლევის მიზანი  იყო ქ. თბილისის მოსახლეობის საჭიროებების შეფასება, რაც დაეხმარება საჭიროებების შესაბამისი ბიუჯეტის ფორმირებას, ხოლო ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე მიმართული აქტივობების განხორციელებას.

კვლევის ამოცანებს შეადგენდა:

  • თბილისის მოსახლეობის საჭიროებების ძირითადი მახასიათებლებისა და ინდიკატორების გამოვლენა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით;
  • კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება, რომელიც გაზომავს და შეაფასებს თბილისის მოსახლეობის საჭიროებებს;
  • სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებული საჭიროებების იდენტიფიკაცია თბილისის მოსახლეობის მასშტაბით, მასობრივი გამოკითხვის გზით;
  • კონსოლიდირებული ანალიტიკური ანგარიშის შემუშავება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თბილისის მოსახლეობის საჭიროებები და მათი რანჟირება სამივე – ერთიანი თბილისის, ცალკეული რაიონებისა და რაიონების შიდა უბნების – დონეზე;

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გამოვიყენეთ სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი   მეთოდები.  თუმცა, თვისებრივ მეთოდებს (კერძოდ, ფოკუს ჯგუფებს) ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია – იმ ცვლადებისა და ინდიკატორების შესამუშავებლად, რომლებიც საფუძვლად დაედო კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის) დიზაინს.

კვლევის მეთოდი: სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (face to face) ინტერვიუს  გამოყენებით. 

კვლევის ობიექტი: სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ქ. თბილისის 10 რაიონის საარჩევნო ასაკის  (18 წლის და ზემოთ) მოსახლეობაში.

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 3000 რესპონდენტს.

შერჩევა: გამოკვლევისათვის გამოვიყენეთ მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციის გამოყენებით.

შერჩევის ბაზას (შესაბამისად, შერჩევის ჩარჩოს) წარმოადგენს საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა სია (ცესკოს უახლესი მონაცემები). გამოსაკვლევი ერთობლიობა დაიყოფა 10 რაიონად, რომლებიც ემთხვევა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ სტრუქტურას. 

შერჩევის ფორმირების პირველ ეტაპზე შერჩევის მთელი მოცულობა გადანაწილდა თბილისის რაიონებზე მათში ამომრჩევლების რაოდენობიდან კვადრატული ფესვის პროპორციულად. თბილისის ყოველი რაიონი დაიყო სტრატებად (ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებად, ანუ საარჩევნო უბნებად). რაიონისთვის გამოყოფილი კვოტები გადანაწილდა სტრატებში (საარჩევნო უბნებში) მათში ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულად. რაიონებში განისაზღვრა შერჩევის წერტილთა რაოდენობა იმ გაანგარიშებით, რომ ყოველ შერჩევის წერტილში ჩატარებულიყო საშუალოდ 8 ინტერვიუ. შერჩევის წერტილს წარმოადგენს საარჩევნო უბანი. თბილისის ყოველ რაიონში, საარჩევნო უბნების სიიდან, ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, PPS მეთოდის გამოყენებით, შემთხვევით შეირჩა პირველადი შერჩევის წერტილები. შერჩევის წერტილებში ოჯახის შერჩევა განხორციელდა ე.წ. “შემთხვევითი ხეტიალის” მეთოდით. ოჯახებს შორის ინტერვალი (ბიჯი) განსხვავებულად განისაზღვრა კორპუსებისათვის (ყოველი მე-9 ან მე–11 ოჯახი, ამასთან, ერთ კორპუსში არ გამოიკითხება სამზე მეტი რესპონდენტი) და კერძო დასახლებებისათვის (ყოველი მე-5 ოჯახი). იმ შემთხვევაში, თუ, რაიმე მიზეზით, შეუძლებელი იყო ოჯახთან და რესპონდენტთან კავშირის დამყარება, ინტერვიუერს  ეკრძალებოდა უახლოეს მომდევნო ოჯახთან დაკავშირება და გადაადგილდებოდა ბიჯის დაცვით. ამან უზრუნველყო შინამეურნეობების გაფანტულობა და საკვლევი რაიონების მაქსიმალურi მოცვა. დამატებით, ინტერვიუერებს მიეწოდათ შერჩევის გეოგრაფიული წერტილები და გადაადგილების სივრცითი არეალი (ქუჩებისა და უბნების მიხედვით), რამაც გამორიცხა ერთსა და იმავე წერტილში განმეორებითი ვიზიტების შესაძლებლობა.

რაც შეეხება ოჯახებში რესპონდენტთა ამორჩევის წესს, შემთხვევითობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, გამოვიყენეთ ე.წ. კიშის ცხრილი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა შორის ამ პრინციპით შერჩეულ პიროვნებასთან რაიმე მიზეზით შეუძლებელი იყო ინტერვიუს ჩატარება,  მისი ჩანაცვლება არ მომხდარა ოჯახის სხვა წევრით, არამედ ინტერვიუერი გადაადგილდებოდა  (ინტერვალის დაცვით) სხვა ოჯახში.

ზემოთქმულის საფუძველზე განისაზღვრა შერჩევის პირველადი, მეორადი და საბოლოო შერჩევის ერთეულები (PSU, SSU და FSU): • პირველადი შერჩევის ერთეული (SSU): საარჩევნო უბანი. • მეორადი შერჩევის ერთეული (SSU): შინამეურნეობა (ოჯახი). • საბოლოო შერჩევის ერთეული (FSU): თვრამეტი და უფროსი ასაკის მოქალაქე.