(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
პროექტის საბოლოო მიზანია დახმარება გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, აკადემიურ წრეებს, პოლიტიკოსებსა და ძირითად საერთაშორისო აქტორებს მათ შორის კონსტუქციული, მდგრადი და სისტემური ურთიერთობისთვის საჭირო სტრუქტურული ჩარჩოს შექმნაში. ეს შესაძლებელია ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ირგვლივ დიალოგის გამართვის გზით, რამაც ხელისუფლების მიერ საექსპერტო ანალიზზე დაფუძნებული, კონკრეტული ქმედებების განხორცილებამდე უნდა მიგვიყვანოს.
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა ოთხი ქართველი ექსპერტი: მამუკა არეშიძე, გია ვოლსკი, იაგო კაჭკაჭიშვილი და გიორგი სორდია. თითოეულმა ექსპერტმა ჩამოაყალიბა ოთხი თემატური ჯგუფი, რომელთაგან თითოეულმა გააანალიზა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ერთი თემა. გასაანალიზებლად შემდეგი თემები შეირჩა: დემოკრატიზაცია და ფასეულობები, ეროვნული უმცირესობები, ნდობის აღდგენა და კონფლიქტების ტრანსფორმაცია და რეგიონული კონტექსტი, რომელშიც საქართველოს გამოწვევებთან გამკლავება უწევს. თემები შეირჩა მათი შედარებით ზოგადი ხასიათის გამო. ოთხივე კვლევაში ცხადად გამოიკვეთა შემდგომი კვლევებისა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დიალოგის საჭიროება, მათ შორის საარჩევნო სისტემასა და კანონმდებლობაზე, ქართული მედიის როლსა და ეფექტურობაზე და საშინაო პოლიტიკაში პლურალიზმის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე კვლევა არ არის ამომწურავი და არ მოიცავს არც საქართველოს ყველა რეგიონს და არც მოსახლეობის ყველა ფენას, მასში ასახულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვანი შეხედულებები და ასევე გადმოცემულია პარლამენტის და სამთავრობო უწყებების ზოგიერთი წევრის აზრიც. კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები, ექსპერტებისა და დისკუსიების მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები შეიძლება საფუძვლად დაედოს სამომავლო დიალოგს, კვლევებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ხელისუფლების ერთობლივ ქმედებებს.
იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის თავმჯდომარე