(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
საქართველოში სოციალური ცხოვრების ლიბერალიზაციამ, რაც საზოგადოების დემოკრატიული განვითარების თანმდევია, გამოიწვია თავისუფალი ცხოვრების წესის დამკვიდრება _ პირველ რიგში, ახალგაზრდა თაობაში. ეს წესი გულისხმობს ტრადიციული (კონსერვატული) ნორმების გადაფასებას და ინდივიდის თავისუფალი არჩევანის მანიფესტაციას. ლიბერალური ღირებულებები იწყებს პრევალირებას ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა სექსუალური ცხოვრება, ოჯახის შექმნა, ზოგადად, პირადი ცხოვრების ორგანიზება და ა.შ. ამგვარი ტრანსფორმაციის შედეგები ვლინდება ისეთ სოციალურ მოვლენებში, როგორიცაა ქორწინების გარეშე შვილის ყოლა, ქალიშვილობის ინსტიტუტის ქმედითობის შემცირება, ოჯახის დაგეგმარება, კონტრაცეპტივების გამოყენება, შობადობის კონტროლი და სხვ. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხდება სხვადასხვა ალტერნატივების ლეგიტიმაცია, რომელიმე მათგანის “დომინანტურად” დასახვის გარეშე.
კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 98 საჯარო სკოლის 3000–მდე X-XI კლასების მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონში. გამოკითხვა ჩატარდა ანკეტირების ფორმით და ატარებდა ანონიმურ ხასიათს. გარდა ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხებისა, კვლევა მიეძღვნა სხვა მწვავე თემებს – აივ/შიდსს და უსაფრთხო სექსს; ცნობილია, რომ ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ინტრავენური ნარკომანია საქართველოში წარმოადგენს აივ/შიდსის გავრცელების მთავარ გზას. გამოკვლევის შედეგად შეიქმნა თინეიჯერებისათვის განკუთვნილი წიგნი1, სადაც შევიდა გამოკითხვის შედეგები, ცნობები ნარკომანიისა და შიდსის შესახებ და ამ თემებისადმი მიძღვნილი მოთხრობა.
პროექტის შედეგია წიგნი. იგი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი უფრო სპეციალისტებისათვისაა განკუთვნილი; მასში მოცემულია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. მეორე ნაწილი კი სტუდენტებს მივუძღვენით – აქ გაცემულია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამდნენ შეხვედრებზე სტუდენტები. ვიმედოვნებთ, რომ წიგნი დააინტერესებთ როგორც შესაბამის დარგებში მომუშავე სპეციალისტებს, ისე ჩვენს სტუდენტობასაც.