(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური გამოკითხვა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის, შუახევისა და ხულოს 10 სოფლის შინამეურნეობებში, რომლის მიზანი იყო აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის ფარგლებში მოქცეული სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებათა შესწავლა. თავდაპირველად შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით დაგეგმილი იყო 2 200 სტანდარტიზირებული პირისპირ ინტერვიუს ჩატარება. თუმცა იმის გამო, რომ ზამთრის პერიოდში ზოგიერთ სოფელში ოჯახები ტოვებენ საცხოვრებელ ადგილებს, შედარებით ნაკლები რაოდენობის ოჯახების გამოკითხვა მოხერხდა, ნაცვლად დაგეგმილი 2 200 ოჯახისა, გამოიკითხა 1962 ოჯახი.
შერჩევის ზომა: 1962 ოჯახი.
შერჩევის დიზაინი: PPS (Probability Proportional to Size) მეთოდი.
კითხვარის და შერჩევის შემუშავების შემდგომ, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ განახორციელა ინტერვიუერთა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა საკვლევი სფეროსა და კითხვარის სპეციფიკას, შერჩევის დიზაინს და ა.შ. ინტერვიუერთა რეკრუტირება მოახდინა კომპანია „აჭარისწყალი - ჯორჯია“-მ.
საველე სამუშაოები ცუდი მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო დაახლოებით 25 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინტერვიუერებს სუპერვიზირებას უწევდა კომპანია „აჭარისწყალი - ჯორჯია“.
საველე სამუშაოების დასრულებისთანავე განხორციელდა საველე სამუშაოების კონტროლი. კონტროლს დაექვემდებარა დასრულებულ ინტერვიუთა 10%. ველის კონტროლი განხორციელდა სატელეფონო საშუალებით. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ თანამშრომლები დაუკავშირდნენ რესპონდეტნთა ნაწილს და გადაამოწმეს ინტერვიუერების მიერ შესრულებული სამუშაო.
საველე სამუშაოების ჩატარდა 2014 წლის 3 დეკემბრიდან - 27 დეკემბრის ჩათვლით.
მონაცემთა კოდირება და კომპიუტერში შეტანა განხორციელდა კითხვარში ჩართულ ღია შეკითხვებზე რესპონდენტთა მიერ გაცემული პასუხების დაჯგუფება და ფორმალიზაცია, მათთვის კოდების (რაოდენობრივი მაჩვენებლების) მინიჭების გზით. კოდირებული პასუხები შეტანილ იქნა ყოველი კონკრეტული გამოკითხვისთვის შექმნილ ცვლადების აღწერის კომპიუტერულ ბადეში.
მონაცემების დამუშავება და ანალიზი: გამოკითხვის მონაცემები დამუშავდა სოციალურ კვლევათა სტატისტიკური პროგრამის SPSS ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი განხორციელდა უნივარიაციული (სიხშირული განაწილებები, ცენტრალური ტენდენციის მაჩვენებლები) და ბივარიაციული (კროსტაბულაცია, კორელაცია) ანალიზის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.